აქტუალური
საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვია. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი და საინვესტიციო სააგენტოს უფროსი გიორგი პერტაია.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, საგარეო საქმეთა მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს.
საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დამფუძნებელ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალში. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი დაათვალიერებს ჰოლოკოსტის მუზეუმს და გვირგვინით შეამკობს იერუსალიმის მთაზე მდებარე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს - "იად ვაშემს”, იერუსალიმის ერების ხეივანში კი სიმბოლური ხის დარგვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.