პრემიერმა სხდომის დასაწყისში, ასევე, ისაუბრა ორ მნიშვნელოვან თემაზე, რომლებიც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება. საქმე ეხება სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცებას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამიერიდან წერტილი დაესმება იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაამკვიდრა.
მანვე ილაპარაკა კანონპროექტზე, რომლის ინიციატორია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო. საუბარია „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცებაზე. პრემიერ–მინისტრის განმარტებით, ახალი ხელისუფლების პირობებში რელიგიური უმცირესობების მიმართულებით ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია, მათ შორის არის დღევანდელი გადაწყვეტილებაც.