საზოგადოება
საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის 24 იანვრიდან რამდენიმე მედიკამენტი აფთიაქებში მხოლოდ რეცეპტით იყიდება.
“ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხას” დაემატა რამდენიმე ფარმაცევტული საშუალება, კერძოდ, ბაკლოფენი, გაბაპენტინი, დექსტრომეტორფანის შემცველი კომბინირებული პრეპარატები (გარდა სიროფებისა), ზოპიკლონი, ზალეპლონი და ტროპიკამიდი. ისინი ფარმაცევტული პროდუქტების II ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.“ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად ფარმაცევტული პროდუქტის რეკლასიფიკაცია მოხდა.
არსებული ცვლილების საფუძველზე, ზემოთ აღნიშნული მედიკამენტები გადატანილია I ჯგუფში და უფრო მკაცრ კონტროლს დაექვემდებარა.