საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა მიხეილ დარჩიაშვილმა და თამარ ქაროსანიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან ეროვნული სამხედრო სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები და შენიშვნები მოისმინეს.
ეროვნული სამხედრო სტრატეგიის პროექტი თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის მიერ სამ ეტაპად შემუშავდა და 2013 წლის ივლისში დაიწყო.პირველ ეტაპზე მოხდა სხვადასხვა ქვეყნის სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების შესწავლა, უცხოური გამოცდილების გაზიარება, მათი ანალიზი და ქართულ რეალობაში ადაპტირება.
მეორე ეტაპზე პროექტის ინგლისურენოვანი ვერსია, შეფასების მიზნით, სამინისტროს უცხოელ ექსპერტებს გადაეგზავნა.
მესამე ეტაპზე შენიშვნებისა და საკუთარი წინადადების წარმოსადგენად პროექტი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გადაეგზავნა. მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში აისახა.
ეროვნული სამხედრო სტრატეგიის საბოლოო პროექტი გასაცნობად საქართველოს პარლამენტს, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება.
შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გასაცნობად წარედგინა საქართველოს კანონპროექტი „თავდაცვის შესახებ“, ასევე კანონებში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ“ და „მობილიზაციის შესახებ“ შესატანი ცვლილებები, ასევე ნატოს კეთილსინდისიერების შეფასების ანგარიში.