აქტუალური
საბოტაჟი: თბილისის მერია 600 000 ლარს სარეკლამო კლიპების განთავსებაში ხარჯავს, რომლებიც მოსახლეობას ამზადებს, რომ ქალაქში უახლოეს მომავალში სხვადასხვა პრობლემა შეიქმნება!

sabotaJi-aqtual-1საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი, კანონი, თავისუფლებამ”, თბილისის მერიის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, განახორციელა მოკვლევა, რომლის საფუძველზე დგინდება, რომ 2014 წლის დაუმტკიცებელი ბიუჯეტიდან 600 000 ლარი სარეკლამო კლიპების განთავსების და ახალი ამბების მომსახურებისთვის იხარჯება.

565 000 ლარიდან, რომელიც სარეკლამო კლიპების განთავსებაზეა მიმართული, უკვე 52 917 ლარის რეკლამაა განთავსებული ტელეარხებზე რუსთავი 2, იმედი და მაესტრო. მათ შორის, რუსთავი 2-ზე რეკლამების განთავსების ბიუჯეტი 24 735 ლარს, იმედზე - 21 969 ლარს, ხოლო მაესტროზე - 6 213 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების შემსრულებელია შპს „თბს ტვ სტუდია“. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე წლის 10 იანვარს შევიდა და მისი მოქმედების ვადა 31 დეკემბრამდეა.

სარეკლამო რგოლი, რომელიც სამივე არხზე საინფორმაციო გამოშვების დროს გადის ეთერში, ქალაქში მოსალოდნელი საფრთხეების წარმოჩენას ემსახურება. თბილისის მერია სარეკლამო რგოლით მოსახლეობას ამზადებს, რომ ქალაქში უახლოეს მომავალში შეიქმნება სხვადასხვა პრობლემ, ნაცვლად იმისა, რომ 53 000 ლარი დედაქალაქის დასუფთავებას და სხვა საკითხებს მოახმაროს.

ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისის მერიას ამ მომენტისთვის გამოცხადებული აქვს ტენდერი, რომელიც ითვალისწინებს ქ. თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრ „ბიგ-ბენდისთვის“ სხვადასხვა აპარატურისა და აქსესუარების შესყიდვას. ხსენებული აპარატურის სავარაუდო ღირებულება 194 270 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 31 იანვრის 12 საათი. საინტერესოა, რატომ დადგა ამ ეტაპზე ორკესტრისათვის აპარატურის შეძენის აუცილებლობა იმ ფონზე, რომ მერიის წარმომადგენლები ბიუჯეტის არარსებობის გამო სხვადასხვა მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის შეჩერების საფრთხეზე ლაპარაკობენ?

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ავტობუსების ტენდერის შეჩერება, რომელმაც როგორც თბილისელებს, ასევე თავად ამ ტენდერში მონაწილე ბიზნესკომპანიებს შეუქმნა პრობლემები, დედაქალაქის მოსახლეობის აღშფოთებას ემსახურება. მიგვაჩნია, რომ თბილისის მერიის საქმიანობა საჭიროებს დაუყოვნებლივ შესწავლას, რათა დედაქალაქის მთავრობას თანხების არამიზნობრივად განკარგვის საშუალება არ მიეცეს. მოვუწოდებთ აუდიტის სამსახურს - დაინტერესდეს თბილისის მერიის საქმიანობით.