სამართალი
შსს-მ სოფელ გლდანის მამათა მონასტრის კელიის გაქურდვის ფაქტი გახსნა

monasteri-samart-3საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 10-ე განყოფილების თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოლეგ პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულმა მიმდინარე წლის 3 იანვარს, გვიან ღამით, სოფელ გლდანში მდებარე გრიგოლ ღვთისმეტყველის მამათა მონასტრის კელიაში ფარულად შეაღწია, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შეწირულ თანხას – 2700 ლარს და 15 დოლარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ოლეგ პ. ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დააკავეს, მოპარული თანხის ნაწილი – 750 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).