აქტუალური
საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია LAZARD-ის აღმასრულებელ დირექტორს მატიე პიგასს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო განიხილეს.
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის 2014 წლის „ბიზნესის წარმოების ანგარიშის“ თანახმად, საქართველო 189 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა „ბიზნესის წარმოების სიმარტივის“ კრიტერიუმის მიხედვით. საქართველოს რეიტინგი ახლოს დგას ისეთი ქვეყნების მონაცემებთან, როგორებიცაა, მაგალითად, აშშ, სინგაპური, დანია, ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი. საფუძვლიანი რეფორმების გატარების შედეგად საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ლიბერალურ საგადასახადო სისტემას - დაბალი გადასახადების მხოლოდ ექვს ფიქსირებულ ტიპს.პრემიერ-მინისტრმა კომპანიის დირექტორს საქართველოსადმი გამოჩენილი ინტერესის გამო მადლობა გადაუხადა და მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს LAZARD-ის შესაძლო ინვესტიციებს საქართველოში.
ცნობისთვის: Lazard არის წამყვანი დამოუკიდებელი საფინანსო-საკონსულტაციო და აქტივების მართვის კომპანია, რომელიც დაარსდა 1848 წელს, ახორციელებს საქმიანობას 26 ქვეყნის 40 ქალაქში. მისი სათავო ოფისები მდებარეობს ნიუ-იორკში, პარიზსა და ლონდონში. კომპანიის შემოსავალმა 2012 წელს 1 მილიარდ 971 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.