პოლიტიკა
საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ პრესკონფერენცია გამართა და შეშფოთება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა საქართველოსთან შეთანხმების გარეშე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში, კერძოდ, აფხაზეთის რეგიონში მდინარე ფსოუზე ე.წ. სასაზღვრო ზონა 11 კილომეტრით გააფართოვა.
გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ ეს არ იყო მხოლოდ სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადადგმული ტექნიკური ნაბიჯი. მისი თქმით, ეს იყო პოლიტიკური აქტი და ამით რუსეთმა კიდევ ერთხელ ხელყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, უარყო საერთაშორისო სამართლის პრინციპები და მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.
საქართველოს პირველმა პირმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სათანადო რეაგირება მოახდინოს და აქტიურად ჩაერთოს ამ პრობლემის დარეგულირების საქმეში. „ცალსახაა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი, ფაქტობრივად, სამხედრო და უსაფრთხოების სრულ კონტროლს ფლობს ამ ტერიტორიაზე, ეს არ არის უბრალოდ ტექნიკური ნაბიჯი, მას აქვს გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა. მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს ეს ფაქტი. აქვე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ქართულმა მხარემ გამოთქვა სრული მზადყოფნა, აქტიურად ჩართულიყო სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.