აქტუალური
შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან

akt-1-Sexvedra-natosსაქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გენერალური შტაბის უფროსის რანგში გენერალ კნუდ ბარტელსს პირველად შეხვდა. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე  მხარეებმა საქართველო-ნატოს ურთიერთობის ფართო სპექტრი დეტალურად განიხილეს. ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საკმაოდ  წარმატებებით მიმდინარეობს. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ნატოსთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნას.

„საქართველო, როგორც პასუხისმგებელი პარტნიორი, მზად არის, ბოლომდე შეასრულოს თავისი კონტრიბუცია ISAF-ის ოპერაციაში და აქტიურად ითანამშრომლოს ISAF-ის შემდგომ დაგეგმილ კამპანიაში“ - განაცხადა საქართველოს გენშტაბის უფროსმა.

გენერალ კნუდ ბარტელსთან შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ  საქართველოში 11-12 თებერვალს ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი შედგება. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი უხელმძღვანელებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატოს სამხედრო კომიტეტის 170-ე შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.