საპარლამენტო უმრავლესობაში სამივლინებო ხარჯებზე თანხების საკმარისად გამოყოფას ითხოვენ. როგორც ევროპასთან ინტეგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების სხდომაზე უმრავლესობის წევრმა კობა ხაბაზმა განაცხადა, შეუძლებელია, ე.წ. ქამრების შემოჭერა სამივლინებო ხარჯებზეც გავრცელდეს.
მისი თქმით, აუცილებელია, საქართველომ ყველა დონის კონფერენციაში, სამიტზე თუ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა, რადგან საქართველოს დეოკუპაციის საკითხი მუდმივად დღის წესრიგსი იდგეს.
ხაბაზს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილიც დაეთანხმა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილის განმარტებით, მივლინებებისთვის თანხების გამოყოფა პრობლემა არც წელს ყოფილა და არც გაისად იქნება.
მაგალითისთვის მან საგარეო საქმეთა სამინისტრო დაასახელა, რომელმაც მივლინებებზე წელს საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა, მაგრამ რამდენი - არ დაუკონკრეტებია.