სამართალი
აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტის ოფიციალური ვიზიტი

aSS-is-armiis-samar-1საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი დევიდ დევენპორტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სერჟანტ დევენპორტს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი მასპინძლობს.

გუშინ სერჟანტი დევენპორტი და სერჟანტი კოპალიანი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

დევიდ დევენპორტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლობების მთავარ სერჟანტებთან გამართა შეხვედრა. საუბრის მთავარი თემა სერჟანტთა პროფესიული განათლების გაღრმავება იყო. შეხვედრაზე ასევე მიმდინარე წლის მაისში საქართველოში დაგეგმილ ევროპის არმიების მთავარი სერჟანტების კონფერენციაზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ალუდა კოპალიანმა  ამერიკელ კოლეგას ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ უმასიპინძლა. დევიდ დევენპორტმა ქართველი კოლეგებისგან ISAF-ის მისიისთვის 23-ე ბატალიონის მზადყოფნის შესახებ ბრიფინგი მოისმინა.

დღეს აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს მოინახულებს და სერჟანტთა მომზადების კურსებზე მიღების პროცესს დააკვირდება. გამგზავრებამდე სერჟანტი დევენპორტი გორში ISAF-ის მისიის დროს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსაც მოინახულებს.