სამართალი
საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველო“ და ბინათმოსარგებლეთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აგრძელებენ 30 ათასი ხელმოწერის შეგროვებას „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ 2005 წელს მიღებულ კანონში ცვლილებების შეტანის ინიცირებისათვის, რომლის მიღების შემთხვევაში საკუთარი სახსრებით შეძენილ სახლში, ღიად, კეთილსინდისიერად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ე.წ. ატსტუპნიკებს (ბინათმოსარგებლეებს) შეძენის ხანდაზმულობის უფლების შესაბამისად საბოლოოდ დაუკანონდებათ ბინები.
კანონის მიღების მიზანია იმ პირთა ქონებრივი უფლებების დაცვა, რომელთაც საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის, ფლობისა და საკუთრების უფლება, ღიად, კეთილსინდისიერად და შეუწყვეტლივ მფლობელობაში წარმოშობილი აქვთ 1997 წლამდე.
ბინის მოსარგებლეთა (ე.წ. ატსტუპნიკების) პრობლემა სიახლეს არ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტისათვის. კომუნისტების პირობებში, როდესაც ლეგალურად აკრძალული იყო ბინების, როგორც უძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვა და ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი მთლიანად სახელმწიფოს ხელში იყო მოქცეული, ადამიანებმა, რომლებმაც სახელმწიფოს მხრიდან ვერ შეძლეს ელემენტარული საცხოვრებელი ჭერის მიღება, რაც მათი ცხოვრების აუცილებელი პირობა იყო, იპოვნეს შემოვლითი გზა საცხოვრებლით საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახის უზრუნველყოფისა და საკუთარი ძალებითა და სახსრებით შეიძინეს საკუთარი საცხოვრისი. მას შემდეგ, რაც 1996 წელს ჩაწერის ინსტიტუტი გაუქმდა, ეს ადამიანები დარჩნენ ჰაერში გამოკიდებულები, და მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია სააკაშვილის ხელისუფლება ჰპირდებოდა მათ ამ პრობლემის გადაწყვეტას, დღემდე ეს პრობლემა გადაუწყვეტელია, მაშინ, როდესაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეს პრობლემა წარმატებით გადაწყდა და გადაწყდა სწორედ ხანდაზმულობით, ისე, როგორც ეს კანონის პროექტით არის ჩამოყალიბებული.