საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს და თურქეთის ლიდერებმა ოფიციალურ სადილზე თურქეთ-საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
„უპირველესად, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო თქვენს აღმატებულებას საქართველოში 27 ოქტომბრის არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტად არჩევა. გვსურს, რომ წელს დასრულდეს „თანამედროვე აბრეშუმის გზად“ წოდებული ერთობლივი მარშრუტის შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი. ასევე, გადაწყვეტილი გვაქვს, ბუნებრივი გაზის სამხრეთი დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ტრანსანატოლიის გაზსადენის პროექტი (TANAP) - განხორციელდეს ჩვენს ქართველ და აზერბაიჯანელ ძმებთან ერთად. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოსთან ერთად განვახორციელოთ ახალი პროექტები, გავხსნათ ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, განვავითაროთ კომუნიკაციები და ამით ხელი შევუწყოთ ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებას. ქართველი მეგობრების ანალოგიური მტკიცე ნება ჩვენი ურთიერთობის ბრწყინვალე მომავლის საწინდარია“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ.
სადილზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა და თურქეთ-საქართველოს მეგობრობის სადღეგრძელოც შესვა.