პოლიტიკა
კონგრესის მრჩეველთა ჯგუფების ვიზიტი

kongresis-polit-3საქართველო. 21 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით კონგრესის წარმომადგენელთა დელეგაცია იმყოფება. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის და  წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის მრჩეველთა ჯგუფები დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და მისმა მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა მიიღეს.

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა საგარეო ურთიერთობის კომიტეტის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ალასანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სენატის მიერ შემუშავებლი რეზოლუცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრებას.

შეხვედრები საქართველოს მიერ დემოკრატიის კუთხით მიღწეულ პროგრესზე საუბრით  დაიწყო. რეგიონული უსაფრთხოების საკითხი დღევანდელი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

მხარეები საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსაც შეეხნენ. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის ქვეყნის ნატოში გაწევრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მინისტრმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიღწეულ პროგრესსა და საქართველოსთვის 2014 წლის ნატოს სამიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო ISAF-ის ოპერაციას, 2014 წელს ნატოს „მხარდამჭერ მისიაში“ ჩართვასა და  2015 წელს ნატოს რეაგირების ძალებში მონაწილეობას.

წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის მრჩეველთა ჯგუფთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ამერიკასა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში  ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ირაკლი ალასანიას თქმით, აგვისტოში მას ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის მხარესთან გაღრმავებული სამხედრო თანამშრომლობით გათვალისწინებულ მიმართულებებში მიღწეულ პროგრესზე, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე გამახვილდა ყურადღება.

„დღევანდელი შეხვედრები კონგრესის წარმომადგენლებთან არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ, რომ ეს საჯარო მოხელეები გადაწყვეტილებებს ამზადებენ კონგრესში. ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობის თითქმის მთელ სპექტრზე. განსაკუთრებით, თავდაცვითი შეიარაღების და საშუალებების გაზრდაზე, ამერიკის შეერთებული შტატების როლზე, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რაც საქართველოს მისცემს საშუალებას, ჰყავდეს არმია, რომელსაც ექნება შემკავებლის ფუნქცია. ასევე, ვილაპარაკეთ ჩვენს ნატოში გაწევრიანებაზე, წლევანდელი წლის ნატოს სამიტზე, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნება უპირობო მხარდამჭერი პოზიცია საქართველოს სამომავლო გაწევრიანების და იმ ინსტრუმენტების მიღების, რომელიც საქართველოს დაეხმარება სრულფასოვან ინტეგრაციაში.“

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის მრჩეველთა ჯგუფი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა და ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნო.