პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ekonomikuri-sabWo-pol-2საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. პრემიერთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. საბჭომ  ასევე განიხილა საქართველოს კანონი განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სტრატეგიული ობიექტების ნუსხა, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ცნება სტრატეგიული ობიექტები გაუქმებული იყო, ახალი ხელისუფლება კი ამგვარი ობიექტების ნუსხის შექმნაზე მუშაობს.

ფინანსთან მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, გასული წლის ოქტომბრისა და ნოემბრის დაზუსტებული მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 4.1 და 8.1 პროცენტი დაფიქსირდა. რაც შეეხება დეკემბრის თვის წინასწარ მონაცემებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 8.5%–ით განისაზღვრება. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წლის 5%–იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, კონსერვატიულადაც შეიძლება შეფასდეს. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ბანკი საქართველოში 6.3%–იან ზრდას ვარაუდობს.

უცხოური ინვესტიციების ზრდის შესახებ ილაპარაკა ეკონომიკის მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მე-3 კვარტალში საქართველოში შემოდინებული ინვესტიციების მოცულობა 20%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მონაცემს. 2013 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში 700 მლნ-მდე დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.