სამართალი
საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. კეზერაშვილი იარაღით უკანონო ვაჭრობის შესახებ წარმოდგენილ ბრალდებას აღმაშფოთებლად მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულზე სამართლებრივი დავა დაიწყოს.
მისი პოზიცია ადვოკატმა შოთა მინდელმა გაახმოვანა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს საფრანგეთში, საპატიმროში შეხვდა, სადაც დავით კეზერაშვილი წინასწარი პატიმრობის ვადას იხდის. „დავით კეზერაშვილი მარსელის ციხეში იმყოფება. მე მას შევხვდი, ვესაუბრე და გარკვეული კონსულტაციები გავიარეთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს (იარაღით ვაჭრობის ბრალდება) მისთვის გახლავთ აღმაშფოთებელი, გაუგონარი საკითხი. ბოლო დღეების ცილისმწამებლური კამპანია არის რაღაც ყოველგვარ ზღვარს გადასული. მას მიაჩნია, რომ შესაძლოა პოლიტიკური მოტივებით იდევნებოდე, რაღაც ბრალიც გქონდეს წარდგენილი, მაგრამ როცა უკვე საუბარი ეხება იმას, რომ საქართველოსათვის შეძენილი იარაღი მან თითქოს სხვაგან გაყიდა, რაღაც იარაღის უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებულ თემებს აბრალებენ, ეს მისთვის არის უკიდურესად აღმაშფოთებელი. ყველა ეს თემები, (ალ-კაიდასთან კავშირზე, ბაშარ ალ ასადთან კავშირზე) თავის წყაროების მიხედვით იქნება გავლილი და არ გამოვრიცხავ, რომ მათთან, ყველასთან გვქონდეს სამართლებრივი დავა. ეს ცდება თავად პოლიტიკურ დევნასაც კი“, – განაცხადა „მოამბესთან“ საუბარში კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა.