საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ვიზიტით თურქეთს ეწვია. გიორგი მარგველაშვილს ანკარის „ესენბოღას“ საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეფქან ალა, ანკარის მერი და ანკარის გუბერნატორი დახვდნენ.
ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ქვეყნის პირველმა პირმა ათათურქის მავზოლეუმი მოინახულა, მისი საფლავი გვირგვინით შეამკო და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.დღესვე საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულის რეზიდენციას ესტუმრება, სადაც ორი ქვეყნის ლიდერები პირისპირ შეხვედრას გამართავენ. მხარეები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობითაც შეხვდებიან, რის შემდეგაც საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში 21 იანვარს ტაო-კლარჯეთს მონახულებით დასრულდება.
პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაშიარიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი ივანე მაჭავარიანი, საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე.