აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

akt-2საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატორი ჯეიმს ინჰოფი ხელმძღვანელობს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოსა და აშშ-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტული საქმიანობის თვალსაზრისით. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და რომ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდეს. ქართული მხარის განცხადებით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტი, რომელიც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია სამუშაო შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ამერიკელ კონგრესმენთა და სენატორთა დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი ჯონ ბუზმანი, კონგრესმენები ვერნ ბიუქენენი, ენდერ კრენშო, ენ კირკპატრიკი და სტივ პირსი, ასევე სენატის შესაბამისი კომიტეტების მრჩევლები.