რედაქტორისგან
საქინფორმი, აანალიზებს რა გელაპის ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგებს, მიიჩნევს, რომ საქართველოს მცხოვრებთა 63% ნანობს სსრკ-ის დაშლას და მხარს დაუჭერს საქართველოს შესვლას ახალ ევრაზიულ კავშირში

obS-1-an-3-opros-geoსაქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირმა (სსრკ) ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა და ადგილი დაუთმო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ).

22 წლის შემდეგ - გასული 2013 წლის დეკემბერში - საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცნობილმა ამერიკულმა ინსტიტუტმა - გელაპის ინსტიტუტმა - გამოაქვეყნა საკუთარი გამოკვლევის შედეგები - რას ფიქრობენ ყოფილი სსრკ-ის მცხოვრებნი მის დაშლაზე. ამ მიზნით გამოიკითხა საბჭოთა კავშირის 11 ყოფილი რესპუბლიკის 1000-ზე მეტი მცხოვრები, რომლებსაც ერთი კითხვა დაუსვეს: “სსრკ-ის დაშლამ თქვენს ქვეყანას უფრო მეტი ზიანი მოუტანა თუ სარგებლობა?”.

გამოკვლევა ჩატარდა რუსეთის ფედერაციაში, უკრაინაში, ბელორუსიაში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ყაზახეთში, თურქმენეთსა და მოლდოვაში, მასში მონაწილეობდნენ რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, ყირგიზები, ტაჯიკები, მოლდოველები, ყაზახები და თურქმენები (გამოკითხვა არ ჩატარებულა უზბეკეთში, ლიტვაში, ლატვიაში და ესტონეთში).

გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების გამოკითხულ მცხოვრებთა უმრავლესობას - მიაჩნია, რომ სსრკ-ის დაშლამ მათ ქვეყნებს ზიანი მოუტანა, და მხოლოდ 4 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და თურქმენეთის - მოქალაქეთა უმრავლესობა თვლის, რომ ამან მათ ქვეყნებს სარგებლობა მოუტანა.

საქართველოში პროცენტული თანაფარდობა შემდეგია (ცდომილება, გელაპის ინსტიტუტის აღიარებით, შესაძლოა შეადგენდეს 3-5%-ს):

37% - სსრკ-ის დაშლამ საქართველოს სარგებლობა მოუტანა.

33% - სსრკ-ის დაშლამ საქართველოს ზიანი მოუტანა.

9% - არც ერთი, არც მეორე.

21% - არ იციან/პასუხის გაცემაზე უარი თქვეს.

საქინფორმის ანალიზი: ამგვარად, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოში სსრკ-ის დაშლის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის განსხვავება მხოლოდ 4%-ს შეადგენს. გელაპის ინსტიტუტის მიერ გამოცხადებული 3-5%-იანი დასაშვები ცდომილების მიუხედავად, ამ 4%-ს მიკერძოებულად ნურცერთ მხარეს ნუ მივამატებთ, არამედ ყურადღება მივაქციოთ იმათ რაოდენობას, რომლებმაც არ იციან/პასუხის გაცემაზე უარი თქვეს - 21% და იმ რესპონდენტთა რაოდენობას, ვინც სსრკ-ის დაშლას ნეიტრალურად ეკიდება - 9%. თუ ეს უკანასკნელნი ფიქრობენ, რომ სსრკ-ის დაშლამ საქართველოს, უბრალოდ, არაფერი მოუტანა - არც ზიანი და არც სარგებლობა, არმცოდნე/პასუხის არგამცემთა 21%-ის საქმე სხვაგვარად არის. თუ გავითვალისწინებთ:

- ანტისაბჭოთა და ანტირუსულ პროპაგანდას, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მიმდინარეობს საქართველოში - პრეზიდენტების შევარდნაძის (ერთ-ერთი მთავარი შემსრულებლის, ვინც სსრკ-ის რღვევა განახორციელა) და სააკაშვილის (სსრკ-ის დაშლის მთავარი დამკვეთის - აშშ-ის დასმული კაცის) დროს,

- რომ ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე (საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის კოალიცია “ქართული ოცნების” გამარჯვების შედეგად ხელისუფლების შეცვლამდე) რუსეთთან მეგობრობისადმი, სსრკ-ის დროს ხალხთა ძმობისადმი უმცირესი სიმპათიის გამოვლენა კვალიფიცირდებოდა, როგორც სამშობლოს ღალატი და ჯაშუშობა და სისხლის სამართლებრივად ისჯებოდა, ქართულ ციხეებში სასიკვდილო წამებამდეც კი,

პასუხის გაცემაზე უარის მთქმელი 21% - შედეგია სწორედ საქართველოში ჩანერგილი და ადამიანთა ცნობიერებიდან ჯერაც აღმოუფხვრელი შიშისა, რომ პრორუსულად არ ჩათვალონ!

ხოლო თუ გავითვალისწინებთ ქართული საზოგადოების ტოტალურ პოლიტიზაციას, როდესაც მოქალაქეთა საუბრის მთავარი თემა პოლიტიკაა, იმათ საერთო რაოდენობას, ვინც “არ გარკვეულა, არ იცის ან პასუხზე უარი თქვა” – 30%-ს (9%+21%=30%) საქინფორმი არარეალურად მიიჩნევს.

ამიტომ, დიდი საფუძვლიანობით შეგვიძლია ეს 30% გამოკითხულთა იმ 33%-ს მივამატოთ, ვისაც სსრკ-ის დაშლა საქართველოსთვის საზიანოდ მიაჩნია. შედეგად გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა - 63% (33%+30%=63%) ნანობს სსრკ-ის დაშლას და მხოლოდ მიესალმება საქართველოს შემდგომ გაერთიანებას ახალ კავშირში სსრკ-დსთ-ის ყოფილ პარტნიორებთან, ანუ ევრაზიულ კავშირში.

(პროცენტული თანაფარდობა დანარჩენ 11 ქვეყანაში შეგიძლიათ ნახოთ აქ)