”ჩვენ ვიცავთ დავით კეზერაშვილის ინტერესებს ექსტრადიციის საქმეში, რომელსაც ექს-ან-პროვანსის ფრანგული სასამართლო განიხილავს.
მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს გასული დღეებისა და კვირების განმავლობაში ცილისმწამებლურ ბრალდებებს ჩვენი კლიენტის მიმართ და საფრანგეთის ექსტრადიციის პროცედურის განვითარებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას.
თავს მოვალედ მივიჩნევთ გაცნობოთ, რომ დავით კეზერაშვილის საფრანგეთში დაკავების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ქართული მხარის მოთხოვნაა მისი ექსტრადიციის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ საფრანგეთის ხელისუფლებას გაუგზავნა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი გამოძიება, მით უმეტეს - დევნა იარაღით ვაჭრობის აბსურდულ ბრალდებასთან დაკავშირებით, კეზერაშვილის წინააღმდეგ საფრანგეთში არ მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია არის ცილისწამება და იოლად ექვემდებარება გადამოწმებას საფრანგეთის შესაბამის ორგანოებთან.
ჩვენ არაერთი სენსიტიური საქმე გვიწარმოებია, როგორც ფრანგი, ისე უცხოელი თანამდებობის პირებისა და საჯარო პერსონების დასაცავად, მაგრამ უნდა გამოვტყდეთ, რომ გაგვაოგნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კეზერაშვილის საქმეში გამოვლენილმა უპრეცედენტო პოლიტიკურმა ზეწოლამ, რომელიც მიზნად ისახავს, საფრანგეთის სასამართლო და ხელისუფლება დავით კეზერაშვილის ექსტრადიციაზე დაითანხმოს. გამუდმებული ზეწოლა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი კლიენტისთვის წარდგენილი ბრალი და ექსტრადიციის მოთხოვნა პოლიტიკურადაა მოტივირებული.
სამართლიანი სასამართლოს ფრანგული სტანდარტის გამაოგნებელი უგულებელყოფის დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ ქართულ მედიაში გაჟონა სამუშაო დოკუმენტმა, რომელიც ჩვენი მოთხოვნით მომზადდა და რომლის საბოლოო ვერსიაც ჩვენ წარვუდგინეთ საფრანგეთის სასამართლოს. ეს დოკუმენტი სწორედ იმას ამტკიცებს, რომ დავით კეზერაშვილი სუფთა და კანონიერ ბიზნესს აწარმოებდა გასული წლების მანძილზე და აქარწყლებს იმ ბრალდებას, თითქოს ის კორუფციული სქემების მეშვეობით გამდიდრდა", - ნათქვამია განცხადებაში რომელიც "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.