საზოგადოება
სპეცდანიშნულების კურსი „მწვანე ბერეტი“

1-mwvane-bereti-saz-3საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების შესაბამისი სტანდარტის სპეცდანიშნულების კურსი „მწვანე ბერეტი“ მიმდინარეობს.  გეგმურ წვრთნას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.

წვრთნის  სახელწოდებაა “აერო-მობილური მომზადება და საბრძოლო სროლებით პირობითი მოწინააღმდეგეებისგან ბუნკერების წმენდა”. სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ვერტმფრენიდან დესანტირების შემდეგ ქვეითთა საბრძოლო ვარჯიშები შეასრულეს. სწავლებაში  44 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. მომზადება სპეცდანიშნულების კურსის პირველი ეტაპის ფარგლებში ხორციელდება და  მცირე ქვედანაყოფის ტაქტიკის  შესწავლას გულისხმობს.

კურსის გავლის სურვილი  სხვადასხვა დანაყოფიდან 800-მდე სამხედრო მოსამსახურემ გამოთქვა. სწავლის გაგრძელებისთვის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის 2 წელიწადზე მეტი გამოცდილება წარმოადგენდა. ასევე, მსურველებს ჩაუტარდათ ტესტირება უნარ-ჩვევებში და ფიზიკურ მომზადებაში. გათვალისწინებულ იქნა მეთაურის რეკომენდაციებიც. ეს მოთხოვნები მხოლოდ 240-მა ჯარისკაცმა დააკმაყოფილა. კარანტინის ეტაპი 72-მა სამხედრომ გაიარა, ამ ეტაპზე კი წვრთნას  44 სამხედრო მოსამსახურე გადის. მათ 90 პროცენტს ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობის გამოცდილება აქვს მიღებული.