სამართალი
სუბარი: „სირცხვილია, როცა ყოფილი პროკურორი მსგავს არასერიოზულ განცხადებას აკეთებს“

subari-samart-2საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი დეპუტატ დავით საყვარელიძის ბრალდებებს პასუხობს და მათ უსაფუძვლოს უწოდებს.

მინისტრი ყოფილი პროკურორის მხრიდან მსგავსი განცხადებების დაუსაბუთებლად გაკეთებას სამარცხვინოს უწოდებს.

ადამიანისთვის, რომელსაც ოდესღაც პროკურორი ერქვა და მსგავს არასერიოზულ განცხადებას აკეთებს, ეს სირცხვილია. მას თუ ჰყავს მოწმე, რომელიც ხელს იშვერს ჩემკენ, უნდა წავიდეს პროკურატურაში, დაუსახელოს ამ მოწმის ვინაობა და დაიწყონ გამოძიება, თუმცა, ან მას ატყუებენ, ან თვითონ იტყუება. რაც შეეხება მოკვლევას, გამოძიება არ დაწყებულა, მაგრამ მოკვლევის მასალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დავით საყვარელიძემ სასჯელაღსრულების მინისტრი იმ ვიდეომასალების განადგურებაში დაადანაშაულა, სადაც ასახულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილის ციხიდან უკანონოდ გაყვანის ფაქტი.