საზოგადოება
„მინისტრმა თქვა, რომ მათ ყველა პრეტენზიას გაითვალისწინებდა, განიხილავდა, და ხვალ ან ზეგ მიიღებდა ჟორდანიას შესახებ გადაწყვეტილებას. როდესაც გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ასეთი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება”, – განაცხადა კულტურის მინისტრის მოადგილემ ბადრი ბაგრატიონ–გრუზინსკიმ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების ნაწილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრ გურამ ოდიშარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ოდიშარიამ გიორგი ჟორდანიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ჟორდანიას გადაყენებას ითხოვენ. პროტესტის მიზეზი ხელფასებისა და თანამშრომელთა შტატის შემცირება და არასათანადო სამუშაო პირობებია.
„ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ის, რომ მე არ ვუპასუხო იმ ბრალდებებს და იმ პიროვნულ შეურაცხყოფას, რასაც ორი დღის განმავლობაში მაყენებდნენ, ჩემთვის მთავარია თეატრი და თეატრის მომავალი“, - აცხადებს, თავის მხრივ, ჟორდანია, რომლის თქმით, მის მიმართ წაყენებული არც ერთი ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.