პოლიტიკა
საქართველოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ეწვევიან

polit-3-komisrai-prezსაქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ა.წ. 16-17 იანვარს, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმების განსახილველად საქართველოს ეწვევიან ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ბატონი ჯანი ბუკიკიო და ვენეციის კომისიის მდივანი, ბატონი თომას მარკერტი. სხვა შეხვედრებთან ერთად დაგეგმილია მათი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან.
ინფორმაცია ვიზიტის შემდეგ დაგეგმილ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ა.წ. 20-25 იანვარს კი საქართველოს ეწვევა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ბატონი ნილს მუიჟნიეკსი. ვიზიტის მთავარი თემებია მართლმსაჯულების განხორციელება და უმცირესობათა საკითხები. კომისარი მუიჟნიეკსი რიგ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, სახალხო დამცველის ოფისთან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორისა და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. კომისარი ასევე ეწვევა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს.

ბატონი მუიჟნიეკსი პრესკონფერენციას გამართავს შაბათს, 25 იანვარს, 13:30 საათზე, სასტუმრო „რედისონში“.