საზოგადოება
დავით საყვარელიძე: „ციხის კადრები სუბარის ბრძანებით წაიშალა“

sakvareliZe-saz-3საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეოკადრები, რომლებიც მერაბიშვილის საპატიმროდან გამოყვანას ასახავს, განადგურებულია  - ეს განცხადება უმცირესობის წევრმა დავით საყვარელიძემ დღეს პარტიის ოფისში გააკეთა.
მისი მტკიცებით, კადრები პირადად სოზარ სუბარის ბრძანებით წაიშალა.

კადრები, რომელიც გამოძიების დროს გახდებოდა აუცილებელი დოკუმენტი იმისა, რომ დამტკიცებულიყო ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანის და მასზე ზეწოლის ფაქტი, არის განადგურებული და ამაში მონაწილეობდა სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი. ინფორმაციის წყაროს ჩვენ ვერ დავასახელებთ. ამ დანაშაულს ადგლი ჰქონდა და ამ დანაშაულის დასაფარავად ჩართულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის სასჯელაღსრულების მინისტრი”, - განაცხადა საყვარელიძემ.

რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს, მისი სასამართლო პროცესი 26 მაისის საქმეზე დღეს განახლდა. თუმცა, თავად მერაბიშვილი სასამართლო პროცესს არ ესწრება. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განცხადებით, სასამართლომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ბრალდებულის სასამართლოში მიყვანის თხოვნით მიმართა, თუმცა თავად ბრალდებულმა უარი თქვა პროცესზე დასწრებაზე.