საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. შს ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას და თბილისის N7 საპყრობილის ყოფილ დირექტორს მეგის ქარდავას, რომელიც მიმალვაში იმყოფება, რუსთავის N1 დაწესებულებიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრების წამების ფაქტზე ბრალი დაუმძიმდათ.
ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულების პატიმარმა გია გორგაძემ დაწესებულების დირექტორს აცნობა, რომ ერთ-ერთი პატიმრისგან მიიღო შეთავაზება ციხიდან გაქცევაზე და მზადყოფნა გამოთქვა ეთანამშრომლა ციხის ადმინისტრაციასთან. ამ საკითხზე გ. გორგაძეს ციხეში უშუალოდ შეხვდა ბაჩანა ახალაია და შეუთანხმდა, რომ ციხიდან შესაძლო გაქცევის მომზადების აღკვეთაში მას დაეხმარებოდა გია გორგაძის ძმა შოთა გორგაძე.
2006 წლის 12 იანვარს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, მისი მაშინდელი დირექტორის დათა ახალაიას ხელმძღვანელობით, დაიგეგმა და ჩატარებული იქნა სპეცოპერაცია, რა დროსაც ქ.თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო გარემოებებში ლიკვიდირებული იქნენ პატიმარ გია გორგაძის ძმა – 1988 წელს დაბადებული შოთა გორგაძე და მისი მეგობრები: 1985 წელს დაბადებული რომან სურმანიძე და 1983 წელს დაბადებული მარად ართმელაძე, რომლებიც თითქოსდა პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით გეგმავდნენ ქ.რუსთავის N1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას.
სპეცოპერაციის დასრულებისთანავე, სპეცრაზმის თანამშრომლების თანხლებით, ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა მივიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულებაში, სადაც პატიმრები: გია გორგაძე, დავით ლექვთაძე, ვალერიან პაპავა, მიხეილ მანდარია, მამუკა ბეჭვაია და ბერდია მესხი ეზოში გამოიყვანეს და დაიწყეს მათი უმოწყალოდ ცემა. აღნიშნულის შემდეგ მათ ბ. ახალაიას მითითებით გაახდევინეს ტანსაცმელი და ავტომანქანით გაიყვანეს დაწესებულების ტერიტორიის გარეთ, სადაც თოვლში და ტალახში შეიარაღებული სპეცრაზმელები ბ.ახალაიას ბრძანებით აგრძელებდნენ მათ ცემას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.