საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: „ვისაც სჭირდება, მიაწოდეთ ინფორმაცია და თუ არ სჭირდებათ, რატომ უნდა გასცეთ?“

saz-1-irakli-raსაქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ვისაც არ ეზარება, კანონპროექტის ცვლილებას აკეთებს, - მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით დაინტერესდა და ფინანსთა მინისტრს ინიცირებული კანონპროექტის შესახებ ჰკითხა.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განმარტა, რომ არსებული კანონმდებლობით, საგადასახადო საიდუმლოებაზე ზოგ სამთავრობო უწყებას მიუწვდება ხელი, ზოგს - არა.

"მაგალითად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აინტერესებს ინფორმაცია კონკრეტული იძულებით გადაადგილებული პირის შემოსავლების შესახებ, რომ ამის მიხედვით მათ გაატარონ ღონისძიებები. პირობითად, პირველ რიგში მისცენ თუ არა საცხოვრებელი ფართები“, - აღნიშნა ხადურმა.

"და რატომ არ აძლევთ ინფორმაციას, რა ხდება? ამისთვის გინდათ კანონი შეცვალოთ თუ რა ხდება?“, - იკითხა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მიუთითა, რომ უწყებას, რომელსაც სჭირდება ინფორმაცია, ფინანსთა სამინისტრომ ის უნდა მიაწოდოს.

„ვისაც სჭირდება, მიაწოდეთ ინფორმაცია და თუ არ სჭირდებათ, რატომ უნდა გასცეთ? ერთმანეთს შეუთანხმდით ხოლმე და მერე გააკეთეთ კანონპროექტის ინიცირება. ვისაც არ ეზარება, კანონპროექტის ცვლილებას აკეთებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებული მუხლის შეცვლის ინიციატივით მიმართა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.