საზოგადოება
საქინფორმის პატარა გამარჯვება - სემეკი ქუთაისიდან თბილისში დააბრუნეს!

saz-3-semekiსაქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. პატივცემულო მკითხველო! შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 16 ივლისს საქინფორმი პუბლიკაციაში “საქინფორმი განგაშის ზარს სცემს: თბილისში ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა - დოყლაპიობა თუ საბოტაჟი ივანიშვილის მთავრობის წინააღმდეგ?” სემეკის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის თბილისში დაბრუნებას მოითხოვდა, რომელიც, მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილის ახირებით, ქუთაისში გადაიტანეს.

და აი, დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით სემეკს თბილისში აბრუნებენ და კომისიის ოფისი განთავსდება მისამართზე მიცკევიჩის ქ. №19. “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის დახვეწას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კომისიის მომდევნო საქმიანობის პროცესში მნიშვნელოვანი და აუცილებელია აქტიური თანამშრომლობა და მჭიდრო კავშირები როგორც ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან საქართველოში, რომელთა უმეტესობაც მდებარეობს თბილისში”, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.