საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. დღეიდან წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში საომარ მოქმედებებში და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები რეაბილიტაციისა და დასვენების 10-დღიან კურსს გაივლიან. წეროვანის პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გადმოეცა, ამ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის ორი კეთილმოწყობილი შენობაა მომზადებული.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კომპლექსის საცხოვრებელ პირობებსა და ინფრასტრუქტურას პირადად გაეცნო და იმ სამხედრო მოსამსახურეებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად ისადილა, რომლებიც ხვალიდან კომპლექსში განთავსდებიან.ამ ეტაპზე რეაბილიტაციის კურსის გავლის სურვილი 170-მა პირმა გამოთქვა.
„ყველაზე კარგი რეაბილიტაცია ოჯახთან ერთად, შვილებთან, ცოლთან ერთად გატარებული დროა. ძალიან გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვაქვს ასეთი მომსახურება მივცეთ ჩვენს ჯარისკაცებს, იმ ვაჟკაცებს, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენთვის, ჩვენი მომავლისთვის თავს წირავენ. ეს არის ჩვენი ვალი, სახელმწიფოს ვალი, რომ მათ გვერდში დავუდგეთ და მივცეთ შესაძლებლობა, გამოჯანმრთელდნენ და სამხედრო საქმეს დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
პროცესი პერმანენტული ხასიათის იქნება და გავრცელდება ყველა დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესა და მათი ოჯახის წევრებზე. 2014 წელს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს ამ შენობების ადაპტირებას და მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვას. 2015 წლიდან კი ამავე ტერიტორიაზე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრებისთვის სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.