სამართალი
საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტისას დაკავებულ პირებს 100-100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ

samart-3-dapirispirebaსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებულ მამა-შვილს - ევგენი და თორნიკე ქავთარაძეებს და ასევე სანდრო ზაუტაშვილს მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა 100-100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, მეოთხე პირს კი - ვეფხია ღვალაძეს, მხოლოდ შენიშვნა მისცა.

დაზარალებულებმა და მოწმეებმა ჩვენების მიცემისას განაცხადეს, რომ ბრალდებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა მათი მისამართით სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ბრალდებულები შეურაცხყოფის ფაქტებს უარყოფდნენ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საპატრიარქოსთან დაპირისპირება პატრიარქის საშობაო ეპისტოლის ირგვლივ მოხდა.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ სუროგაციასთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს უარყოფითი პოზიცია  საპატრიარქოს შენობასთან გააპროტესტა. 

აქციის პარალელურად ადგილზე ორგანიზაცია "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის" წარმომადგენლები, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გიორგი გაბედავა, ასევე მელორ ვაჩნაძე მივიდნენ, რომლებმაც მიმდინარე აქცია დაგმეს. მხარეებს შორის მოხდა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური დაპირისპირება, რომლის დროსაც პოლიციამ ოთხი პირი - სანდრო ზაუტაშვილი, ვეფხია ღვალაძე, თორნიკე და ევგენი ქავთარაძეები დააკავა. ოთხივე მათგანი გუშინ გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.