აქტუალური
დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები II ქვეით ბრიგადაში

aqtual-2-samuSaoebiსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეით ბრიგადაში სარემონტო სამუშაოები დამთავრდა. დასრულებული სამუშაოების დასათვალიერებლად სენაკის ბაზას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ესტუმრა.

„სენაკის ბაზაზე ჩვენი ჯარისკაცები განახლებულ პირობებში იმყოფებიან. საქართველოს მთავრობამ, ჩვენ, ავიღეთ ვალდებულება, რომ თვისობრივად შევცვლით იმ პირობებს, რომლებშიც ჩვენი გულადი ჯარისკაცები სამხედრო სავალდებულო თუ პროფესიულ სამსახურს გადიან. ხარისხი ჩვენთვის მთავარი განმსაზღვრელია. ამიტომ ვამოწმებთ მიმდინარე პროექტებს. გარკვეული შენიშვნები, რაც ხელმძღვანელი პირებისა და სამხედროების მხრიდანაა, გათვალისწინებულია. მინდა დავპირდე ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანა - ყველა ჯარისკაცს  ღირსეული პირობები ჰქონდეს - შესრულებული იქნება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დასრულებული სარემონტო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

სენაკის ბაზაზე მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია 7 ობიექტისა და სასადილოს გარემონტება. პროექტი უკვე მზადაა და სარეაბილიტაციო სამუშაოები შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე დაიწყება.