პოლიტიკა
თენგიზ ომანიძე: “სუბარის უწყება ღარიბაშვილის მთავრობის ერთ-ერთი სუსტი რგოლია!”

polit-1-omaniZeსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. “სახალხო დამცველის განცხადებამ იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა, კერძოდ, ე.წ. მაყურებლების როლის გაზრდა, ასევე სამედიცინო მომსახურება და ორი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, სოზარ სუბარის გაღიზიანება გამოიწვია. როგორც მინისტრმა განმარტა, უჩა ნანუაშვილი აკაკი მინაშვილის გავლენის ქვეშაა მოქცეული.

უნდა ითქვას, რომ „ნაციონალების“ რიტორიკას სუბარის განცხადება უფრო ჰგავს, ვიდრე ომბუდსმენის შეფასება. სწორედ ყოფილი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენდა სახალხო დამცველის ოპოზიციასთან გარიგებაში დადანაშაულება და ნაცვლად კრიტიკის გათვალისწინებისა, ამ გზით პასუხისმგებლობის თავიდან არიდება.

მივიჩნევთ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე სახალხო დამცველის შეფასებები სრულიად საფუძვლიანია. ამას გარდა, დღეს ქართულ საპატიმრებში 128 პირი შიმშილობს. ცალსახაა, რომ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი ჩავარდნა სწორედ სასჯელაღსრულების სისტემის მიმართულებით აქვს და სოზარ სუბარი ღარიბაშვილის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლია.

მოვუწოდებთ სოზარ სუბარს, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის შეფასებები და პასუხისმგებლობისგან გაქცევის ნაცვლად, იზრუნოს მის უწყებაში პრობლემების მოგვარებაზე.“

თენგიზ ომანიძე
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი