საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. 2014 წლის 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 81 წელი შეუსრულდა. საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ოჯახებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრნენ.
"ბედნიერი ვარ, რომ ქართველებს გვყავს ისეთი ბრძენი და ღირსეული პატრიარქი, როგორიც ბრძანდებით თქვენ. თქვენ სასწაული მოახდინეთ ერის სულიერ ცხოვრებაში და ააღორძინეთ ის. მინდა გისურვოთ ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლე და უახლოეს მომავალში გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება", - მიმართა პატრიარქს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ, ილია მეორემ მადლობა გადაუხადა ქვეყნის პირველ პირს და წარმატებები უსურვა საქმიანობაში. „მადლობელი ვარ, რომ დღეს ჩვენთან მობრძანდით. შევთხოვ უფალს, რომ „უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!“ გისურვებთ დიდ წარმატებებს. თქვენ გელოდებათ მრავალი საქმე. ქართველ ხალხს იმედი აქვს, რომ ის პრობლემები, რომლებიც წარსულში ჩვენი ერის წინაშე იდგა, გამოსწორდება თქვენი მოღვაწეობით. მრავალჟამიერ იყოს თქვენი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ“, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.
![]() |
![]() |