საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. გავლენიანმა ბრიტანულმა გაზეთმა The Times "წლის საერთაშორისო ადამიანად" რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაასახელა. მან აღნიშნა, რომ 2013 წელი რუსეთის სახელმწიფოს მეთაურისთვის დიდი მიღწევების წელი იყო, რომელთა შორის გამოცემამ დაასახელა რუსეთის პოზიცია სირიის მიმართ, მისი პოლიტიკა უკრაინის მიმართ და ქვეყნის შიგნით ოპოზიციასთან ურთიერთობა.
"ის მთლიანად დომინირებს ქვეყანაში და, სავარაუდოდ, მკაცრად უპასუხებს ვოლგოგრადში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმებს. თუმცა, გასულ წელს მისი ვიწრო ნაციონალისტური ხედვა მსოფლიოსთან დაკავშირებით ყველაზე ეფექტურად გამოჩნდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ", - ნათქვამია The Times-ის სარედაქციო სტატიაში.გამოცემის აზრით, პუტინს საერთაშორისო არენაზე პატივისცემის მოპოვება სწყურია და საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, დაიმსახურა კიდეც ეს. იგი მოქმედებდა სწრაფად და გაბედულად იქ, სადაც სხვები ერთმანეთთან დაობდნენ. "ის პატივმოყვარე, რეაქციული ადამიანია, არ არის მოკლებული პარანოიას, მაგრამ მის ხელში კონცენტრირებულია უდავო ძალაუფლება, რომელიც შთამბეჭდავად შედეგიანად გამოიყენა.. ამ მიზეზთა გამო The Times-მა იგი წლის საერთაშორისო ადამიანად აღიარა", - იუწყება გამოცემა.
ეს იყო კარგი წელი ძიუდოში მეექვსე დანის მფლობელი ვლადიმერ პუტინისთვის: მან ბეჭზე დასცა ობამა სირიის საკითხში, ევროკავშირი - უკრაინისთვის ბრძოლაში, ფეხი დაუდო ოპოზიციას და გადაარჩინა გუნდის შედარებით სუსტი წევრები - სირიის პრეზიდენტი ასადი და ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს მამხილებელი სნოუდენი, - წერს როჯერ ბოისი სტატიაში "ვლადიმერ პუტინი: წლის საერთაშორისო ადამიანი The Times-ის ვერსიით".
"ასე რომ, ვლადიმერ პუტინს შეიძლება ეწოდოს გამარჯვებული, ყოველ შეთხვევაში, ამ წელს”, - ასკვნის ჟურნალისტი.