საზოგადოება
საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ფარცხალაძისგან ეს იყო „ნამდვილად ღირსეული ნაბიჯი და სწორი გადაწყვეტილება“.
„პირველივე დღეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბიოგრაფიაში არსებობდა ეს შავი ლაქა, ის მოვიდა, მაშინვე განაცხადა მზაობა იმის თაობაზე, რომ წასულიყო თანამდებობიდან. მე ვისურვე უფრო მეტად გავრკვეულიყავი დეტალებში. ვინაიდან საზოგადოების წუხილი არსებობდა ამ ფაქტის ირგვლივ და ზოგადად, გაჩნდა კითხვები, მითქმა-მოთქმა, რომ, შესაძლოა, მისი ბიოგრაფიიდან ამ ეპიზოდს რაიმე ჩრდილი მიეყენებინა სამართლიანობის აღდგენის პროცესისთვის, სწორედ ამიტომ მან გადადგა ეს ნაბიჯი და ჩვენ, ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისი თხოვნა გადაყენების თაობაზე, დაკმაყოფილებულიყო", - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომლის თქმითაც, მას ფარცხალაძესთან კონსულტაციები ჰქონდა, ხოლო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მთავარმა პროკურორმა თავად მიიღო.საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი წლიდან სასჯელაღსრულების მინისტრი აღარ იქნება სოზარ სუბარი, რისი მიზეზიც პენიტენციარულ სისტემაში შექმნილი მძიმე ვითარებაა. მის ადგილს კი ამჟამინდელი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაიკავებს.
ვრცელდება ცნობები იმის თაობაზეც, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი, რომელიც პრემიერმა ღარიბაშვილმა უახლოეს დღეებში უნდა დაასახელოს, შესაძლოა „საქართველოს ანტიკორუფციული პალატის“ თავმჯდომარე პაატა შავაძე გახდეს. ეს ინფორმაცია შავაძემ უკვე დაადასტურა „გურია ნიუსთან“ საუბრისას, რომელსაც თავის სამომავლო გეგმებზეც უამბო.