პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სვანეთში იმყოფებოდა

1-pol-1-svanetiსაქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი დაიწყო. ჰაწვალის მთაზე ახალი სათხილამურო ტრასის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე სასჯელაღსრულებისა და სპორტის მინისტრები. "გილოცავთ ყველას! სიმბოლურია, რომ ზამთრის ტურისტულ სეზონს მესტიიდან ვხსნით. მესტია, როგორც ზამთრის კურორტი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, და ეს ძალიან სასიამოვნოა. სვანეთს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს, რასაც მოსახლეობისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია. გპირდებით, რომ სვანეთი კარგად გათვლილი და გაანგარიშებული გეგმის მიხედვით განვითარდება.

წელს მესტიას 150 000-ზე მეტი უცხოელი და ქართველი ტურისტი სტუმრობდა. მინდა აღვნიშნო, რომ 2013 წელი მეტად წარმატებული იყო ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის კუთხით. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს 5 მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ტურისტების რაოდენობის ზრდა ნიშნავს დასაქმების ზრდას რეგიონში, დამატებითი ობიექტების მშენებლობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ინვესტიციების შემოდინებას.
ჩვენი მთავრობა ამას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რადგან კარგად გვესმის, რომ სწორედ ტურიზმია ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო. მომავალშიც გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები და ყურადღება დაეთმობა კურორტის მარკეტინგს",
- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მესტია განიხილება არა როგორც სათხილამურო კურორტი, არამედ მიიჩნევა ადგილად, რომელსაც ტურისტების მიღება წელიწადში 365 დღის განმავლობაში შეუძლია.