საზოგადოება
საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. უშიშროების საბჭოს აპარატი საიდუმლო და სრულიად საიდუმლო დოკუმენტაციაზე მუშაობს და მისთვის მაღალი დაცულობის ტექნიკა აუცილებელია, – ასე ეხმაურება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, იმერლიშვილი საკუთარი კომფორტითაა დაკავებული.
„უშიშროების საბჭოს აპარატი მუშაობს საიდუმლო და სრულიად საიდუმლო დოკუმენტაციაზე და ეს არის აუცილებელი. ავტომობილი, რომლითაც სარგებლობდა ყოფილი მდივანი, იგივე ფირმის, იგივე მარკის იქნა ჩანაცვლებული ახალი ავტომობილით. 42 000 ათასი იქნა დამატებული. უშიშროების საბჭოს და არა ირინა იმერლიშვილს სამუშაოებისთვის სჭირდება კომუნიკაციის საშუალებები, მათ შორის, კომპიუტერი, რომელზეც, მე მგონი, არ უნდა დაისვას კითხვის ნიშნები”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა “ქრონიკასთან” საუბარში. “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ირინა იმერლიშვილმა „თანამდებობაზე დანიშვნისთანავე შეიძინა 78 ათასი ლარის ღირებულების “ტოიოტა პრადო”. ძვირად ღირებული IPHONE 5S მობილური ტელეფონების შესაძენად კი უშიშროების საბჭომ თითქმის 50 ათასი ლარი დახარჯა.