სამართალი
მთავარი პროკურატურა ი. მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებაზე განმარტებას აკეთებს
1-sam-1-prokur-vanozeსაქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ი. მერაბიშვილის საქმის განხილვისას მოწმე თ. პატარიძის ჩვენებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ გაკეთდა განცხადება,  თითქოს მოწმემ  არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა. 
აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს ი. მერაბიშვილის ბრალის დამადასტურებელი, დამაჯერებელი მტკიცებულების არასწორ ინტერპრეტაციას. გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგოა, თუ მასში მთლიანად ან ნაწილობრივ ერთმანეთის საწინააღმდეგო ან გამომრიცხველია საჭირო ფაქტობრივი გარემოებები და სხვა მონაცემები. ამასთან, პირს განზრახული უნდა ჰქონდეს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა. 
მოწმე თეიმურაზ პატარიძემ როგორც წინასწარ გამოძიებაში, ასევე სასამართლო სხდომაზე მისთვის ცნობილ გარემოებებთან დაკავშირებით მისცა თანმიმდევრული და ამომწურავი ჩვენება. უფრო მეტიც, მან სასამართლო სხდომაზე, ფიცის ქვეშ მისცა ჩვენება და  დააზუსტა მართლმსაჯულების სწორად განხორციელებისათვის აუცილებელი დეტალები. 
საქმის მსვლელობისას  მტკიცებულებების გამოკვლევა ყოველმხრივ და ობიექტურად მიმდინარეობს და მხოლოდ მათი ურთიერთშეჯერებითა და ანალიზით იქნება მიღებული  გადაწყვეტილება. საკითხს მტკიცებულების უტყუარობის, ასევე ურთიერთწინააღმდეგობის შესახებ საბოლოოდ შეაფასებს მოსამართლე.