აქტუალური
კახა ბაინდურაშვილი: ''მერიას უამრავი ბერკეტი აქვს საიმისოდ, რომ პრობლემები შეუქმნას ტელევიზიას“

1baindurashvili-kaxaსაქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ „ტვ 3“-ის გენერალურმა დირექტორმა კახა ბაინდურაშვილმა „დიდი პოლიტიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმ კონკრეტულ ზეწოლებსა და შანტაჟზე, რომლებიც „ტვ 3“-ში ხორციელდებოდა.

„ამ შემთხვევაში საუბარი იყო მოქმედ მერზე, რომელსაც საგრძნობლად დიდი ინსტრუმენტები გააჩნია. მერია არ გახლავთ ჩვეულებრივი დაწესებულება, მას გააჩნია უამრავი ბერკეტი საიმისოდ, რომ პრობლემები შეუქმნას ტელევიზიას, თუ ის განწყობილია ამისთვის. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: ჩვენთან არის 3 საგამოძიებო ჟურნალისტიკის ტიპის პროგრამა, ეს გახლავთ „სისტემა“ , „ახლო ხედვა“ და „ანატომია“, რომელთა გადაცემების ნაწილი უკვე გავიდა და ნაწილის გასვლა იანვარში იგეგმება. ბუნებრივია, იქ იყო საუბარი, მათ შორის, მერიაში აღმოჩენილ დარღვევებზე, ის, რაც ჩვენმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს. მათ შორის არის სასაფლაოებზე საუბარი, არის პარკინგის ბიზნესზე და ა.შ. ვფიქრობ, ესეც მათი განაწყენების საფუძველი გახდა, ამ შემთხვევაში - მერიის თანამდებობის პირების. თავისთავად, როდესაც ადამიანი მაღალი პოლიტიკური რანგის წარმომადგენელია, თავისუფლად შეეძლო შეეშალა ხელი გამოძიებისთვის. ბუნებრივია, რომ როცა ჟურნალისტი ხედავს, თუ როგორ იყენებენ პარლამენტის ტრიბუნას ხელის შესაშლელად, ეს გარკვეულ დაბრკოლებას და მოტივაციის რღვევას იწვევს. როდესაც ჟურნალისტები ხედავენ, რომ საკუთარი ტელევიზის დამაარსებლებს ბანდიტებს უწოდებენ, ეს მორალურ ზიანსაც აყენებს მათ და, რა თქმა უნდა, კომპანიის წესიერ ფუნქციონირებას უშლის ხელს. გარდა ამისა, როდესაც ეს პროცესი დაიწყო, იყო კონკრეტული შანტაჟი, მე შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ეს მოყვა “ანატომიის” გადაცემას. ერთ-ერთ დასახელებულ პირთაგან სურვილი იყო, რომ ეს საერთოდ არ გასულიყო ეთერში. ეს იყო პირდაპირი მუქარა, ჩვენ გაგვაჩნია ამის ფაქტიური მტკიცებულებები და თუკი იქნება დაინტერესება ამ თემასთან დაკავშირებით, აუცილებლად მივაწვდით სამართალდამცველებს“, - განაცხადა ბაინდურაშვილმა.