მთავარი პროკურატურის განცხადება ტელეკომპანია „TV 3-ის“ საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით
საქართველო, 26 დეკემბერი,
საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, გუშინ ტელეკომპანია „TV 3“-ის ეთერით გავრცელდა საგანგებო განცხადება, ხსენებული ტელევიზიის მიმართ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის,
გიორგი უგულავას მიერ ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, რის გამოც ტელეკომპანია „TV 3“-მა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნული ფაქტის სამართლებრივი შეფასების და რეაგირების მიზნით დახმარება ითხოვა. აქვე ტელეკომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს აღნიშნულის დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები.
საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, შეისწავლოს განცხადებაში მოყვანილი ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის ფაქტები და ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად.
განცხადებაში აგრეთვე ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მკაცრად იქნება აღკვეთილი თავისუფალ მედიასაშუალებებზე ზეწოლისა და მუქარის განხორციელების ნებისმიერი ფაქტი.