აქტუალური
მთავარი პროკურატურის განცხადება ივანე მერაბიშვილის საქმეზე

1aqtual-1-merabiSvilisსაქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

25 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ივანე მერაბიშვილის ბრალდების საქმის განხილვისას, აჭარის / კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ პატარიძემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ივანე მერაბიშვილისთვის ბრალად შერაცხული ფაქტობრივი გარემოებები და აჩვენა, რომ 2009 წლის მაისში მინისტრ ივანე მერაბიშვილის დავალებით დაიკავა კვარიათში მდებარე კერძო საკუთრებაში არსებული აგარაკი. ივანე მერაბიშვილის დავალებითვე მოძებნა აგარაკის მოსავლელად ორი სანდო პირი და მუდმივი მეთვალყურეობის განსახორციელებლად აგარაკს დასაცავად მიუჩინა ორი პოლიციის თანამშრომელი.

ამ ფაქტიდან დაახლოებით 2 კვირაში, აგარაკი პირადად მოინახულა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, რომლის მითითებითაც სახელმწიფო, კერძოდ კი შსს აჭარის სამმართველოს ბიუჯეტიდან განხორციელდა ხსენებული აგარაკის რემონტი, სადაც მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია კედლის ფერისა და ინტერიერის შერჩევაში უშუალოდ იყო ჩართული და სწორედ მისი გემოვნებით განხორციელდა აგარაკზე სარემონტო სამუშაოები.

მოწმემ მიცემულ ჩვენებაში ასევე ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომ წლების განმავლობაში აგარაკზე ისვენებდნენ როგორც მინისტრი, აგრეთვე მისი მეუღლე თაკო სალაყაია, შვილები და მისი ნათესავები. ამასთან მოწმემ დაადასტურა ფაქტი, რომ ივანე მერაბიშვილმა იცოდა, რომ აგარაკი არ იყო კონსპირაციული და იგი არ იყო აყვანილი შსს ბალანსზე.