საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაშავებული სამხედროები დალოცა

1katolikosma-saz-2საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. 2008 წლის აგვისტოს ომში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი  სამხედრო მოსამსახურეები პროთეზირების პროგრამის გასავლელად 27 დეკემბერს აშშ-ში სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში მიემგზავრებიან. რეაბილიტაციის კურსის გავლამდე ქართველი მებრძოლები კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ II-მ დალოცა, გამოჯანმრთელება და სამშობლოში მალე დაბრუნება უსურვა.

პირველ ეტაპზე ამერიკაში მკურნალობის პროგრამას 8 დაშავებული სამხედრო მოსამსახურე გაივლის. მათი შერჩევა დაზიანებების სიმძიმის მიხედვით მოხდა. დაშავებულ ჯარისკაცებთან ერთად ამერიკულ კლინიკაში ერთი ქართველი სპეციალისტი ბიო-ელექტროპროთეზებზე მუშაობის სპეციფიკასაც დაეუფლება.

დაშავებულ სამხედროებს მექანიკურ კიდურებს ბიო-მიკროპროცესორიანი პროეზით შეუცვლიან. უახლესი თაობის ელექტროკიდური სამხედრო მოსამსახურეებს რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. ექსტრემალური პირობების გამძლე ახალი პროეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს.

პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი ყველა სამხედროსთვის ინდივიდუალურია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისინი საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ სამსახურს.