საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადება
„ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ბევრნაირი კომენტარი გაკეთდა და კვლავაც კეთდება, მათ შორის არაპროფესიული და კანონის საწინააღმდეგოც.
სამწუხაროდ, ოფიციალურ პირთაგან არავინ საუბრობს, თუ კანონით როგორ არის განსაზღვრული აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების თანახმად, ,,დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება" და ,,გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში".
გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობიდან, პროკურატურას აქვს მხოლოდ ერთი არჩევანი, დაიწყოს გამოძიება მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და ზუსტად დაიცვას კანონის მუხლები, კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარე (ამასთან, მივესალმებით სასჯელაღსრულების სამინისტროს ქმედებებს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით).
რაც შეეხება უგულავას განცხადებას ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, ეს არის ცილისწამება, მით უმეტეს, როცა უგულავას არ გააჩნია მტკიცებულებები და მისი განცხადება მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ მართლმსაჯულების აღსრულებიდან თავის დაძვრენის მცდელობას პრინციპით - ყველაზე კარგი თავდაცვა თავდასხმაა.
თუ ჩვენ ამ საკითხებს გამოუძიებელს დავტოვებთ, ძალიან დიდი შანსია, ის დანაშაულებები, რომლებიც ჩადენილი აქვთ “ნაციონალური მოძრაობის” უმაღლეს ჩინებს, გაუხსნელი დარჩეს და მათ შეძლონ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავის დაძვრენა.“