საზოგადოება
ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

merabiSviliსაქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, სასჯელაღსრულების სამინისტროს დაავალოს იმ ვიდეოჩანაწერების სასამართლოსთვის გადაცემა, სადაც მისი საკნიდან გაყვანაა ასახული. ვანო მერაბიშვილის განმარტებით, მისი საკნიდან გაყვანა წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ მასზე მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ზეწოლის მცდელობა განხორციელდა. მერაბიშვილის თქმით, პროცესები პოლიტიკური ხასიათისაა და ის მხოლოდ პოლიტიკური პირების დაკითხვისას ივლის.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ვანო მერაბიშვილის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა პროცესი დატოვა.

„ჩემთვის უკვე აზრს კარგავს ეს სასამართლო პროცესები, გთხოვთ, ნუ მაყურყუტებთ აქ ტყუილად, მიეცით ბადრაგს უფლება, რომ გამიყვანოს აქედან, რადგანაც ამ სამარცხვინო პროცესში მონაწილეობას არ მივიღებ“, - განაცხადა სხდომათა დარბაზის დატოვების წინ მერაბიშვილმა.