"ჩვენი მოთხოვნა იქნება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს თბილისელების არჩეული მერის გიგი უგულავას მიერ დაყენებულ საკითხს, რომ ამ დღეების განმავლობაში საქალაქო სასამართლოზე მიმდინარეობდა ზეწოლა კონკრეტული პირების მხრიდან. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს საკითხი იქნეს გამოძიებული, შესაბამისი ფაქტები იქნეს ამოღებული და ყველა ეს პირი დაკითხული.
მეორე, ჩვენ მოვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რათა გამოძიებული იქნეს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის განცხადება მისი უკანონო გატაცების და მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.
მესამე, ჩვენ ვითხოვთ ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტების ერთობლივ სხდომას, სადაც განხილული იქნება ეს ორი საკითხი.
მეოთხე, ჩვენ ვითხოვთ პარლამენტში სახალხო დამცველის მოსვლას. იცით, რომ სახალხო დამცველს ჰქონდა ცალკე შეხვედრა ვანო მერაბიშვილთან და ჩვენ ვითხოვთ, რომ იგი მოწვეული იქნეს პლენარულ სხდომაზე და ამ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მოუყვეს პარლამენტის წევრებს, თუ რაზე ისაუბრეს მან და ვანო მერაბიშვილმა და რა ინფორმაცია მიაწოდა მას ყოფილმა პრემიერმა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომლის თქმით, მეხუთე მოთხოვნა საქართველოს მთავარი პროკურორის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაა.
თავის მხრივ, უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი კომიტეტების ერთობლივი სხდომის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავენ.