აქტუალური
საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. „რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. მისი თქმით, „რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ჯერ აღდგენილი არ არის, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ერთი წლის განმავლობაში რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა უფრო გასაგები გახდა. ახლა, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რუსეთის განწყობა ამ ქვეყნის მიმართ ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება“.
“წინ უნდა წავიწიოთ, რათა ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის მგზავრობის რეჟიმი მაქსიმალურად თავისუფალი იყოს, - აღნიშნა დიპლომატმა, - ჩვენ გაორმაგებული ენერგიით მოვკიდებთ ხელს ამას, მაგრამ მუშაობის ტემპებზე წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ“.
„რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ამჟამად სწორ გზაზე დგას“, - აღნიშნა კარასინმა. რფ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, მაგრამ ისინი არ ეხება აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს - აქ პოზიციები პრინციპულად განსხვავებულია. მისი თქმით, მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა სატრანსპორტო გადაზიდვების პრობლემა. კარასინმა შეახსენა, რომ ამჟამად “არსებობს ჩარტერული რეისები საქართველოს და რუსეთის რიგ ქალაქებს, კერძოდ, მოსკოვს, სანკტ-პეტერბურგს, თბილისს, ქუთაისსა და ეკატერინბურგს შორის. ვცდილობთ, ეს რეისები რეგულარულ საფუძველზე გადავიყვანოთ“, - აღნიშნა დიპლომატმა.