ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით შემდეგ განცხადებას აკეთებს
საქართველო, 23 დეკემბერი,
საქინფორმი. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მიესალმება იმ ფაქტს, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო მინისტრ
პაატა ზაქარეიშვილის უწყებას ეწოდება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო. ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ზოგადად გააგრძელოს ნაბიჯები
აფხაზებსა და ოსებთან პრაგმატული თანამშრომლობის მიმართულებით.
ევროკავშირის წარმომადგენლობა აფასებს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და მშვიდობისა და შერიგებისათვის მომუშავე ყველა მხარის ძალისხმევას, პრაგმატიზმსა და შემართებას და სურს მათ გამბედაობა და ენერგია უსურვოს მომავალ წელს.
ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომელიც მიესალმა ცვლილებებს კანონში “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", თუმცა მიუთითებს, რომ არსებობს კანონის შემდგომი გაუმჯობესების პოტენციალი. ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განიხილოს ეს რეკომენდაციები. ევროკავშირის წარმომადგენლობა კვლავ ადასტურებს, რომ ევროკავშირის ელჩები გააგრძელებენ ძალისხმევას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების ჩართულობის გაღრმავების მიმართულებით. ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა შორის პირდაპირ კონტაქტს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შერიგების საქმეში.