აქტუალური
პუტინი: „საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღება ხალხებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას მოახდენდა“

putin-vladimirსაქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. როგორც ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რუსეთის ხელისუფლება ხედავს იმ სიგნალებს, რომლებსაც საქართველოს ახალი ხელისუფლება აგზავნის. 
"არ ვიცი, რას გულისხმობდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიძლება ეს უწყებასთან დაკავშირებული საკითხებია, მაგრამ საქართველოში სიტუაციის ისე განვითარება, რასაც ახლა ვხედავთ, ვფიქრობ, მოგვცემს შესაძლებლობას, უვიზო რეჟიმი დავაბრუნოთ", - აღნიშნა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში.

"რუსთავის 2"-ის ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხა, პირადად მას შეეცვალა თუ არა პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.

"პირადად მე საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება შემეცვალა, თუმცა ქართველი ხალხის მიმართარა. ჩემი დამოკიდებულება ქართველი ხალხისადმი ისეთივე კეთილგანწყობილი დარჩა, როგორიც იყო. ყველაზე რთულ დროსაც კი, როცა კავკასიაში სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა თქვენთვის კარგად ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით, მაშინაც კი ქართველი ხალხისადმი დამოკიდებულება ყველაზე კეთილგანწყობილი იყოარ მახსოვს, ეს აქამდე მითქვამს თუ არა, მაგრამ ერთ-ერთ ქალაქში მოხუცი მამაკაცი მივიდა ჩვენს სამხედროსთან და ჰკითხა, აქ რას ეძებთ, აქ რა გინდათ, მიდით, თბილისში წადით და მიშა წაიყვანეთ, მე რას მიყურებთო. როგორც იცით, ჩვენ სამხედროები დავკარგეთ, ჩვენების თვითმფრინავი ჩამოაგდეს. კატაპულტირების შემდეგ მფრინავი ერთ-ერთ სოფელში აღმოჩნდა, მფრინავთან მოხუცი ბებო მივიდა, წაიყვანა, დააპურა. როდესაც ვამბობ, რომ ქართველი ხალხის მიმართ ყველაზე კეთილი დამოკიდებულება მაქვს, არ ვხუმრობ და არც ირონიით ვამბობ", - განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე. 
მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები რუსეთის გამო არ დაწყებულა.

"არსებობს პრობლემები, რომლებიც ჩვენ გამო არ დაწყებულა, ეს სამხედრო ქმედებები ჩვენ არ დაგვიწყია. ეს ახლა უკვე ცხადია და ყველამ აღიარა. მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენ ათასჯერ ვუთხარით, ნუ გააკეთებთ ამას, ნუ დაუშვებთ სისხლისღვრას. მაგრამ არა, მაინც მიიყვანეს საქმე აქამდე. ახლა შეიქმნა განსაზღვრული რეალობა. ჩვენ არ შეგვიძლია, ანგარიში არ გავუწიოთ ამას. მაგრამ ვხედავთ იმ სიგნალებს, რომელთაც საქართველოს ახალი ხელისუფლება იძლევა. არ ვიცი, რას გულისხმობდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიძლება ეს უწყებასთან დაკავშირებული საკითხებია. მაგრამ საქართველოში სიტუციის ისე განვითარება, რასაც ახლა ვხედავთ, ვფიქრობ, მოგვცემს შესაძლებლობას, დავაბრუნოთ უვიზო რეჟიმი. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს დაეხმარება ხალხს ერთმანეთთან ურთიერთობაში, დაეხმარება ქართველ მეწარმეებს რუსულ ბაზარზე მუშაობაში, და საერთოდ, შექმნიდა პირობებს ჩვენი ურთიერთობის საბოლოო ნორმალიზების დასრულებაში", - განაცხადა პუტინმა.