პოლიტიკა
კეტრინ ეშტონი: „რუსეთთან შეთანხმება უკრაინის ევროინტეგრაციას ხელს არ უშლის
Ashtoneსაქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. მოსკოვთან შეთანხმება უკრაინის ევროინტეგრაციას ხელს არ უშლის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონმა განაცხადა. "ეს შეთანხმებები ხელს არ გვიშლის წინსვლაში. ჩვენ კვლავ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას. ვიმედოვნებ, რომ უკრაინა გააგრძელებს ამ მხრივ მუშაობას და ვნახოთ, რა იქნება უახლოეს რამდენიმე დღეში", - განაცხადა კეტრინ ეშტონმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე. 
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კიევში შეხვედრისას განუცხადა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა ამ შეთანხმების ხელმოწერაზეა დამოკიდებული. 
"გავიმეორებ იმას, რაც იანუკოვიჩმა მითხრა. მისი თქმით, მას უნდა ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა. მითხრა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა ამ შეთანხმებაზეა დამოკიდებული", - დასძინა კეტრინ ეშტონმა. 
17 დეკემბერს, მოსკოვში ვიქტორ იანუკოვიჩისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, გადაწყდა, რომ "გაზპრომი" უკრაინას ბუნებრივ აირზე ფასს ერთი მესამედით შეუმცირებს და ათას კუბურ მეტრზე 268,5 დოლარს დაუწესებს, ნაცვლად დღევანდელი 400 დოლარისა. გარდა ამისა, რუსეთი თავისი ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან უკრაინას 15 მილიარდ დოლარს გამოუყოფს.