საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს

wm-nikoloziსაქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება. 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II საღმრთო ლიტურგიას  სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე შეძლებულ და კეთილმსახურ ოჯახში დაიბადა. წმინდა ნიკოლოზი ყრმობიდანვე განსაკუთრებული იყო. იგი 325 წელს ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, რომელზეც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს.

წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული და მათ მირონი სდით. მორწმუნეები წმინდა მღვდელმთავარს ყოველგვარი გასაჭირის ჟამს შეწევნისათვის მიმართავენ.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.